პირიდან ცუდი სუნის მიზეზის გამოსავლენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ, წესრიგშია თუ არა კბილები და ღრძილები. უმრავლეს შემთხვევაში სუნი უმკურნალებელი კარიესის შედეგია. ამჟამად საზოგადოებაში ძალიან გავრცელებული გინგივიტისა და პაროდონტიტის გამო ასევე შეიძლება იყოს ცუდი სუნი პირში.
როგორ მოვიქცეთ, თუ კბილები ნამკურნალებია და ღრძილები ჯანმრთელი, მაგრამ სუნი მაინც არის? გაიხსენეთ რა სახის ბჟენები გაქვთ კბილებში. ცუდი სუნი შეიძლება გამოიწვიოს ქიმიურად გამყაგრებადმა კომპოზიტებმა – ასეთი ბჟენების გამოყენების შემდეგ ექიმი აფრთხილებს პაციენტს, რომ არ შეიძლება საკვების მიღება 2 საათის განმავლობაში. ამ კომპოზიტებში, მათი ფოროვანი სტრუქტურის გამო, დროთა განმავლობაში გროვდება ბაქტერიები. აი, ცუდი სუნის მიზეზიც.
სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდად დამზადებული, მოკლე გვირგვინი, რომელიც ვერ აღწევს ღრძილამდე. ასეთ გვირგვინსა და ღრძილს შორის გამუდმებით გროვდება კბილის ნადები და საჭმლის ნარჩენები, რომელთა ლპობაც იწვევს ცუდ სუნს.
არასასიამო სუნის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ პირის ღრუ. პირიდან ცუდ სუნს იწვევს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები – გასტრიტი, კუჭის მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა, წყლულოვანი დაავადება. გარდა ამისა, ზედა სასუნთქი გზების არანამკურნალები დაავადებები, ისეთი, როგორიცაა ნუშურა ჯირკვლების ანთება, ფარინგიტი – ასევე შეიძლება იყოს პირიდან ცუდი სუნის მიზეზი.
თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან თუნდაც ერთი, მიმართეთ ექიმს: მხოლოდ სუნის გაჩენის მიზეზის მოცილებით გათავისუფლდებით მისგან.
როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ცუდი სუნის მიზეზები მოცილებულია ან საერთოდ არ არის, ხოლო სუნი მაინც არის? ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ სათანადო ყურადღებას არ აქცევთ პირის ღრუს სისუფთავეს. მაგრამ, მე ხომ დღეში ორჯერ ვიწმენდ კბილებს? - შეიძლება აღშფოთდეთ თქვენ. კარგია, მაგრამ ეს თქვენთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი. აი, რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც დაგეხმარებათ პირის ღრუ გქონდეთ იდეალურ მდგომარეობაში. მათი გათვალისწინება ყველასთვის სასარგებლოა, მათთვისაც ვისაც ცუდი სუნი არ აქვს.
დღეში ორჯერ - დილით და საღამოს, კბილების გაწმენდის შემდეგ, კარგად ჩამორეცხეთ პასტა ჯაგრისიდან. შემდეგ ფრთხილად, მსუბუქი წრიული მოძრაობით, კბილის ჯაგრისით შეეხეთ სასას, ენას, ლოყების შიგნითა ზედაპირს. ეს თავისებური პილინგი პირის ღრუს ლორწოვან გარსს ეხმარება სწრაფად გათავისუფლდეს ეპითელიუმის მკვდარი უჯრედებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ ბაქტერიების გამრავლებას.
სასურველია კბილები დილით ერთი ჯაგრისით გაიწმინდოთ, საღამოს კი მეორეთი. ბაქტერიები თავს კარგად გრძნობენ ტენიან ჯაგრისზე, როდესაც იგი შრება – კვდებიან. სრულიად მშრალი კი ჯაგრისი ხდება გამოყენებიდან მხოლოდ 24 საათის შემდეგ. დილით უმჯობესია რბილი ჯაგარის მქონე ჯაგრისის გამოყენება, რადგან ამ დროს კბილებზე ნადები თითქმის არ არის.
საღამოს ჯაგრისს ხისტი ან ნახევრად ხისტი ჯაგარი უნდა ჰქონდეს. შეძლებისდაგვარად, ეცადეთ კბილები გაიწმინდოთ ყოველი ჭამის შემდეგ, რადგან საკვების ნაწილაკები გროვდება კბილთაშორის სივრცეებში, სადაც მიმდინარეობს მათი ლპობა და ჩნდება ცუდი სუნი. ამ დროს კბილის პასტა გამოიყენეთ მხოლოდ დილით და საღამოს, დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ წყალში დასველებული ჯაგრისი. თუ ჯაგრისი ხელთ არ გაქვთ, შეიძლება ჭამის შემდეგ საღეჭი რეზინის დაღეჭვა, მაგრამ მაქსიმუმ 5 წუთი.
დღეში ერთხელ მაინც გამოიყენეთ კბილის ძაფი – მხოლოდ მისი საშუალებით არის შესაძლებელი კბილთაშორისი სივრცეების სათანადოდ გაწმენდა.
..
..
No comments:
Post a Comment